სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები მოისმინეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები განიხილეს.


სხდომაზე ჯგუფის წევრები აუდიტის სამსახურის ორ ანგარიშს – სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ 2021-22 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშს და მეტეოროლოგიურ-ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილების გამოყენების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს გაეცნენ.

აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, წარმოდგენილ ანგარიშებზე გარკვეული მიგნებები გამოიკვეთა და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

ჩვენი მიზანია გავეცნოთ თუ რამდენად ეთანხმება ესა თუ ის ორგანიზაცია იმ რეკომენდაციებს, რომლებიც აუდიტის სამსახურის მიერ გაიცა და რა მდგომარეობაშია ამჟამად რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით 9 რეკომენდაცია წარადგინა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც აუდიტის პროცესში გამოვლინდა. საკითხი შეეხებოდა სამსახურებრივ ავტომობილებში საწვავის ხარჯვისა და ავტო ტექ-მომსახურების ხარჯების აღრიცხვას, სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებს, სამუშაო განრიგის განაწილების და შესაბამისი შრომის ანაზღაურების კუთხით გამოვლენილ მიგნებებს.


აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულებაზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ისაუბრა და აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა. მისი თქმით, ადმინისტრაცია სრულად ეთანხმება აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებს და მათ შესასრულებლად შესაბამისი ღონისძიებებიც გატარდა, შესაბამისად, რეკომენდაციების ნაწილი ან სრულად შესრულდა ან მიმდინარეობს მათი შესრულების პროცესი.

რაც შეეხება მეტეოროლოგიურ-ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილების გამოყენების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, საფრთხეების შეფასების დოკუმენტის და ერთიანი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სისტემების არ არსებობის გამო, ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიანობა შესუსტებულია. მისივე თქმით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისთვის ერთი რეკომენდაცია მომზადდა, რომელიც თავისი არსით, უნივერსალურ რეკომენდაციას წარმოადგენს და აღმოჩენილი მიგნების შესრულებას უზრუნველყოფს.


რეკომენდაციასთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა ლევან ღირსიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი წარმოდგენილ მიგნებას ეთანხმება, უნდა აღინიშნოს, რომ რეკომენდაციის შესრულება მხოლოდ აპარატის საქმიანობას არ უკავშირდება და მასზე სხვადასხვა სამთავრობო უწყებაა პასუხისმგებელი.

საფრთხეების შეფასების დოკუმენტი უკვე მომზადებულია და ელოდება მთავრობის მიერ დამტკიცებას. ამის შემდეგ კატასტროფის რისკის სტრატეგიის მიღება მოხდება. რაც შეეხება ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ მთავრობის დადგენილების მიღებას, სისტემის შესახებ დადგენილების პროექტი არსებობს და მთავრობის გადაწყვეტილებას ველოდებით“, – აღნიშნა ლევან ღირსიაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading