საქართველო ძლიერი ინსტიტუტების ინდექსში 34-ე ადგილზეა

ევროკომისიამ „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი  ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველომ 100%-იანი სისტემით შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 63% მიიღო და მსოფლიოს მასშტაბით 34-ე ადგილზე გავიდა.

ინდექსის მიხედვით, ინსტიტუციური სიძლიერის მხრივ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს, მათ შორის: პორტუგალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთსა და თურქეთს.

კვლევაში სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუციური სიძლიერე შეფასდა ოთხ კრიტერიუმზე დაყრდნობით: კოორდინაცია, მონაცემთა შესაძლებლობები, იმპლემენტაცია და ბიუროკრატიის ხარისხი.
ამ მიმართულებებში საქართველომ საუკეთესო შედეგი კოორდინაციის მაჩვენებელში დააფიქსირა – მსოფლიოში 24-ე ადგილი, ხოლო ბიუროკრატიის ხარისხით 25-ე პოზიცია დაიკავა.

ევროკომისიის შეფასებით, „ინსტიტუტები, როგორიცაა სამინისტროები, საჯარო დეპარტამენტები და საკანონმდებლო ორგანოები, კარგად მოქმედი მთავრობის ქვაკუთხედს წარმოადგენენ. ძლიერი ინსტიტუტები ეფუძნება მიზანს, შეუძლიათ კოორდინაცია და ეფექტური თანამშრომლობა, ინფორმაციის ანალიზი და რეაგირება, ასევე გეგმებისა და პოლიტიკის ქმედებებად და პროგრამებად გარდაქმნა“.

კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი სინგაპურში მდებარეობს. ანგარიშის მომზადებისას გამოყენებულია გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და სხვა გლობალური ორგანიზაციების მონაცემები და შეფასებები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading