შოთა ჩოჩიშვილი – პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში დღეს 75 წლის გახდებოდა

10 ივლისი — განსაკუთრებული დღეა ქართველი გულშემატკივრებისთვის: ისტორიაში პირველი, საბჭოთა კავშირის დროში მოჭიდავე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული შოთა ჩოჩიშვილი 75 წლის გახდებოდა. მისი სახელი არა მხოლოდ სპორტის მოყვარულებს, არამედ მთელ ერს ახსოვს როგორც დაუძლეველი ნებისყოფის, პროფესიონალიზმისა და ქართული სიძლიერის სიმბოლო.

1950 წლის 10 ივლისს, ქარელის რაიონის სოფელ ღვლევში დაბადებული შოთა ჩოჩიშვილი 21 წლის ასაკში, 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ძიუდოში საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონი გახდა. ამით მან სამუდამოდ ჩაწერა საკუთარი სახელი მსოფლიო სპორტის ისტორიაში.

მისი უნიკალური საჭიდაო სტილი, რომელიც ქართული ჭიდაობის ტრადიციებზე იყო დაფუძნებული, სანახაობრივი და მრავალფეროვანი იყო. მან ორჯერ მოიპოვა ქართული ჭიდაობის აბსოლუტური ფალავნის წოდებაც – ტიტული, რომელიც ყველა ქართველ მოჭიდავეს ოცნებად აქვს.

შოთას სპორტულ წარმატებებს თან ახლდა უამრავი სირთულე და უიღბლობა: სამი წელიწადი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრების ფინალშიც ფეხი დაუცდა. მაგრამ არასოდეს დაუკარგავს ბრძოლის ჟინი და რწმენა.

ბრწყინვალე სპორტული კარიერის გარდა, შოთა ჩოჩიშვილი ცნობილი იყო თავისი ქველმოქმედებითაც – ის ბევრ ადამიანს ეხმარებოდა და მშობლიურ სოფელში ტაძარიც ააშენა.

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი. ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972) და ბრინჯაოს პრიზიორი (1976), მსოფლიოს 1975 წლის ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის 3-გზის ვერცხლის (197319741975) და ბრინჯაოს (1977) პრიზიორი. აგრეთვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ორგზის მეორე (19741977) და ორგზის მესამე (19741975) პრიზიორი, საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (19721977).

2008 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე.

დღეს ვიხსენებთ დიდ ქართველ ფალავანს, რომელიც 2009 წელს სამარადჟამო სასუფეველში გადავიდა, მაგრამ მისი სახელი და ღვაწლი სამუდამოდ რჩება ქართული სპორტის ისტორიაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading