საქართველოს 9 თვის ეკონომიკური ანგარიში: ზრდა მშპ-ში, ტურიზმში და ექსპორტში

სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში წარადგინეს. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მშპ რეალურმა ზრდამ 7.7% შეადგინა, ინფლაცია 4.8%-ს გაუტოლდა, ხოლო საშუალო ინფლაცია 3%-ის ფარგლებშია.
საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 18.5 მილიარდი დოლარი მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.1%-ით მეტია. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.3 მილიონს გადააჭარბა (+5.6%), ტურიზმიდან შემოსავალმა 3.64 მილიარდი დოლარი შეადგინა (+5.1%), ხოლო წმინდა ფულადი გზავნილები 2.39 მილიარდ დოლარს მიაღწია (+6%).

ბიუჯეტის შესრულების ნაწილში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 475 მლნ ლარი აითვისა (ბიუჯეტის 67%), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი 579 მლნ ლარი (93%) დაასრულა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა ზრდის მაჩვენებლები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროგრესს განიცდის.