“საქართველოს მანანებო” – სიმღერა, რომლის ნამდვილ ისტორიას საზოგადოება დღემდე არ იცნობდა
1970-იან წლებში პოპულარობის პიკს მიაღწია ერთმა სიმღერამ, რომელსაც საქართველოს ყველა კუთხეში მღეროდნენ – “საქართველოს მანანებო”. სიმღერა თემურ წიკლაურმა შეასრულა, მუსიკა – გოგი ცაბაძეს ეკუთვნოდა, ხოლო ტექსტის ავტორის ვინაობა წლების განმავლობაში ბუნდოვანებით იყო მოცული.
ხშირად სიმღერის ლექსის ავტორობას მორის ფოცხიშვილს ან პეტრე გრუზინსკის მიაწერდნენ, თუმცა სიმართლე სხვა იყო. ამ ლექსის ავტორი პოეტი ალეკო შენგელია გახლდათ – სახელი, რომელიც ხშირად ჩრდილში რჩებოდა.
ლექსის შექმნის შთაგონება უბრალო, თუმცა გამორჩეულად ლამაზი ბავშვის სახით მოვიდა პოეტთან – მანანა გეგელია, ავტორის ბიძაშვილი. ცისფერთვალება, ოქროსფერთმიანი გოგონას სილამაზემ პოეტს ლექსის დაწერის მოტივაცია მისცა და მასში განაზოგადა ის ფერი, სითბო და სინაზე, რაც მის თვალებში დაინახა.
გოგი ცაბაძემ, სიმღერის კომპოზიტორმა, ლექსთან შეხების მომენტი ასე აღწერა: „ერთი ამოსუნთქვით დავწერე, თვითონ ამ ლექსმა დამაწერინა, თითქოს რაღაც მკარნახობდაო.“
თუმცა, სიმღერის შთაგონების წყაროს – მანანა გეგელიას – ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. სკოლის დასრულების შემდეგ მან ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი დაამთავრა, მუშაობდა ენგურჰესში და კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში. მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე მოვლენა 23 წლის ასაკში დატრიალდა, როდესაც მისი ალპინისტი საქმრო, დათო ხარაშვილი, პამირის მთებში ექსპედიციის დროს დაიღუპა. ამის შემდეგ მანანა აღარ გათხოვილა და მთელი ცხოვრება მის სიყვარულს მიუძღვნა. იგი 2003 წელს, სიმსივნით გარდაიცვალა, 56 წლის ასაკში.
ალეკო შენგელიას ბედისწერაც არანაკლებ სევდიანი აღმოჩნდა. პოეტი ყოველთვის ერიდებოდა საზოგადოების წინაშე გამოსვლას მეტყველების პრობლემების გამო, რის გამოც მისი სახელი ხშირად უჩინარი რჩებოდა. მისი ოჯახის წევრები – მამა და ძმები – კომუნისტურმა რეჟიმმა შეიწირა, ერთადერთი შვილი კი პატარა ასაკში დაეღუპა.
მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები პოპულარული იყო, მათ შორის – “რა სცოდნია ამ პატარა ნამის ღილებს”, თუმცა თავად პოეტი ხშირად არ მოიხსენიებოდა მათ ავტორად. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მწერალთა კავშირში საავტორო უფლებების დაცვის დირექტორად და მჭიდრო კავშირი ჰქონდა იოსებ ნონეშვილთან, მურმან ლებანიძესთან, ოთარ მამფორიასთან და სხვა ცნობილ მწერლებთან.
ალეკო შენგელია 1975 წელს ღვიძლის ცეროზით გარდაიცვალა და დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი ლექსები ხშირად სევდას ატარებდნენ – სიყვარულის, დაკარგვას და იმ იმედებეს, რომელთა ასრულებაც შეუძლებელი აღმოჩნდა.
მისი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ლექსი – „ანდერძი“, რომელიც ქვემოთ მოყვანილია, სწორედ ამ განწყობას გადმოსცემს:
,,იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ,
იმ თეთრ აკვანს, დედაჩემის ცისფერ თვალებს,
ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას,
რიჟრაჟს ვფიცავ, ნისლებში რომ იფერმკრთალებს;
თუ ჩემს ზეცას, ჩემს მწვერვალებს ცადასროლილს
წაეპარა ყორნისფერი ღამე მძიმედ,
ამოვწვადო ხმალი ელვით ანაჟრჟოლი,
ვარსკვლავებით მოხატული, მოციმციმე.
თუ დავეცე, – ნუ მიტირებთ დანანებით,
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,
საქართველოს ლამაზებო, მანანებო,
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები.
გული დამაქვს სიყვარულით განახელი,
მყვარებია… ჰო, ცრემლებიც მყვარებია;
ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი
ხანჯალივით გულში გამიტარებია.
გაღიმებაც შემიძლია აპრილისა,
ხარირემის ვაჟკაცური დაძახილიც…
– შენი ლექსი ქედმაღლურად გაჰყვირისო, –
მეტყვის ვინმე, სტრიქონებზე თავდახრილი.
– თაობა ვარ ავთანდილის გაწაფული,
სიყვარული ყბით დამიტარებია,
ჩემი თეთრი ცისარტყელა, გაზაფხული,
თებერვალში აპრილს დამიდარებია…
დავიღუპო!.. ნუ მირიტებთ დანანებით…
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი…
ჩემი ქვეყნის ლამაზებო, მანანებო,
დამაყარეთ გაზაფხულის ყვავილები.”
„საქართველოს მანანებო“ ბევრად მეტია, ვიდრე მელოდიური ჰიტი. ეს არის ამბავი სიყვარულზე, დაკარგვაზე, ჩრდილში დარჩენილ გენიაზე და იმ ადამიანებზე, რომლებმაც თავისი ტკივილით შექმნეს ის, რაც დღემდე გულში შემორჩა ქართველ ხალხს.