ნიუ-იორკში გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ქართული დელეგაცია დაესწრო

ნიუ-იორკში, გაეროს მთავარი ოფისის ტერიტორიაზე, გაიმართა ორგანიზაციის დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიის პრეზიდენტი ანალენა ბერბოკი. მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გაეროს მისიის, საქმიანობისა და უკანასკნელი რვა ათწლეულის მიღწევებზე.

საზეიმო ღონისძიებას ქართული მხარიდან ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევნ კვინიკაძე.
ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს გაეროს, როგორც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელოვან პლატფორმას და ხაზს უსვამს წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გლობალური გამოწვევების საპასუხოდ.
