შსს-მ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა – ჯგუფი სასურსათო მაღაზიებს ქურდავდა და ნაქურდალს რეალიზებას ახდენდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში და რეგიონებში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი. ჯგუფი დაკავებულია სასურსათო მაღაზიების ქურდობაში, ნაქურდალი ნივთების უკანონოდ სავაჭრო ობიექტებში გადაცემასა და რეალიზებაში.
დაკავებულთა შორის ორი არასრულწლოვანია, ხოლო ჯგუფის ლიდერი სისტემატურად აერთიანებდა დანაშაულებრივ სქემაში არასრულწლოვანებს. არასრულწლოვანები ობიექტებიდან ფულის, სასურსათო პროდუქტებისა და სიგარეტის მოპარვაში მონაწილეობდნენ, ხოლო ნაქურდალი პროდუქცია საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრში იყიდებოდა.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნაქურდალი პროდუქტი, დიდი ოდენობით ფული, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 186-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების გამოვლენასა და დასჯის მიზნით.