საიდან გაჩნდა ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია სათავეს გერმანიაში იღებს. მე-16 საუკუნეში, პროტესტანტმა რეფორმატორმა მარტინ ლუთერმა, შობის ღამეს, ნაძვის ხე სანთლებით მორთო. მისი იდეა მალე აიტაცეს, ჯერ გერმანიაში და შემდგომ მთელ ევროპაში. დღეს უკვე – მთელ მსოფლიოში.

რატომ მაინც და მაინც ნაძვი შეარჩია ლუთერმა? ამბობენ, სილამაზისა და მარადმწვანეობის გამო, როგორც უხსოვარი დროიდან სიცოცხლის, მარადიულობის და რწმენის სიმბოლო.

მარადმწვანე მცენარეების სიმბოლიკა ქრისტიანობამდე პერიოდშიც ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. ძველ, გერმანულ და სკანდინავიურ ტრადიციებში ნაძვი სიცოცხლის სიმბოლო იყო, რომელიც ბნელ ზამთარში გაზაფხულის იმედს აცოცხლებდა.

სხვა მარადმწვანე მცენარეების მსგავსად, შუა საუკუნეებში, ქრისტიანულ კულტურაში ნაძვი უკავშირდებოდა იმედსა და მაცხოვრის მარადიულ სიცოცხლეს. სამკუთხა ფორმის გამო ერთგვარი, საკრალური მნიშვნელობაც კი მიანიჭეს. თითქოს ქრისტიანულ სამებას აღნიშნავდა — მამას, ძესა და სული წმინდას.

ასეთი ლეგენდაც არსებობს, თითქოს ერთ ღამეს, მარტინ ლუთერი თოვლიან ტყეში ულამაზესმა პეიზაჟმა მოხიბლა. მთვარით და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ხეებს მისტიკურ შუქში ხვევდა და ნაძვები განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ. ამიტომაც მარტინმა ნაძვი შობის ღამის სიმბოლოდ წარმოიდგინა და შინ დაბრუნებულმა , ხეზე დანთებული სანთლებით სცადა ოჯახის წევრებისთვის ჯადოსნური ღამის სილამაზე ეჩვენებინაო.

საქართველოში ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა, როდესაც ევროპული კულტურული ტრადიციები ქართულ საზოგადოებაში შემოვიდა. თავიდან ნაძვის ხე ძირითადად დიდგვაროვნების ოჯახებში იდგმებოდა.

თბილისში ერთ-ერთი პირველი ნაძვის ხე, რომლის ფოტომასალაც არსებობს, 1913 წლით თარიღდება. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ფოტო, რომელზეც გერონტი ქიქოძის ქუჩაზე, ნომერ 9-ში მდებარე სახლში მორთული ნაძვია აღბეჭდილი.

საქართველოში პირველი ნაძვის ხე 1900 წელს, სოხუმში ფიქსირდება და არც მეტი, არც ნაკლები, რატომღაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშებით მორთული ყოფილა. ინგლისელ კუპერებს თავის ვილაში დაუდგამთ ნაძვი და სანთლებით და დროშებით შეუმკიათ. რატომ დროშებით? მიზეზს ვერ მივაგენი. ვვარაუდობ, კუპერები ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქე, სოხუმში მცხოვრებ ოჯახებსაც მიიწვევდნენ სტუმრად და ნაძვზე დროშებით გამოხატავდნენ საახალწლო სურვილს, ყველას ბედნიერი წელი დადგომოდა.

მოკლედ, ნაძვი ყველა შემთხვევაში ევროპიდან მოდის და წარმართული ფესვები აქვს.

ქრისტიანობა მთელ სამყაროში ჯერ მკაცრად ემიჯნებოდა წარმართულ ტრადიციებს, მაგრამ ბევრმა იმდროინდელმა რიტუალურმა საგანმა, ქცევამ და ელემენტმა დროთა განმავლობაში „ახალი დატვირთვა“ მიიღო.

ასე გახდა ნაძვიც :

სამების სიმბოლო: ადამიანების, ძირითადად, სასულიერო პირების ინტერპრეტაციით.

მარადიული სიცოცხლის სიმბოლო: ნაძვი მარადმწვანეა, რაც ქრისტეს მარადიულ ცხოვრებასთან და ხსნის იდეასთან ასოცირდებოდა.

ახალი სიცოცხლე და აღდგომა: ნაძვის ხე თითქოს უპირისპირდება მკვდარ, ფოთოლშემოძარცვულ ბუნებას და ახალი სიცოცხლის დადგომის იმედს გამოხატავს, რაც ქრისტიანულ რწმენაში იესო ქრისტეს აღდგომას უკავშირდება.

მარტინ ლუთერის იდეა, ნაძვის სანთლებით და ვარსკვლავით მორთვა, მყისვე დაუკავშირეს შობის ღამეს. როდესაც ბეთლემის ვარსკვლავი ჩვილ იესოსთან მიუძღოდა მოგვებს.

ვიდრე ნაძვის ხე მისი მოსართავებით კომერციის ერთ-ერთი აქტუალური საგანი გახდებოდა, ხილით და თხილით რთავდნენ. ორივე ბარაქას და ნაყოფიერებას აღნიშნავდა.

სანამ ჩვენში ნაძვი შემოვიდოდა, იყო ჩიჩილაკი, რომელიც დღემდე არის.

ამაზეც დაგიწერთ წერილს, თუ ძალიან მოისურვებთ. 🙂

@გამომწერები

ფოტოებზე: პირველში კუპერების ვილაში აღმართული ნაძვია, რომელსაც თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ მოსართავად გამოყენებულ პატარა დროშებს. მეორე ფოტოზე თბილისში გადაღებული ~ საახალწლო ნაძვის ხეა.

პ.ს. ნეტავ დროის მანქანა არსებობდეს და შემეძლოს ორივე ნაძვის ხესთან, იმ დროში, უჩინრად მაინც , ცოტა ხნით ყოფნა. 🙂

მშვიდობის წელს გისურვებთ ნაძვის ხითაც და ჩიჩილაკითაც.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading