საგამოძიებო სამსახურმა ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქონლის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2025-2026 წლებში ყიდულობდა სხვადასხვა დასახელების ბრენდულ ვადაგასულ პროდუქტს, რომელიც ცხოველების საკვებად უნდა გამოეყენებინა. იგი კუსტარულად დამზადებული ბეჭდის მეშვეობით ვარგისიანობის ვადას უცვლიდა და პროდუქციის რეალიზაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გურგენიანში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოდან ახდენდა.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს, ბრალდებულისგან შეძენილ იქნა ბრენდირებული ვადაგასული პროდუქცია, ხოლო ჩხრეკის შედეგად მის საცხოვრებელ სახლსა და ავტომანქანაში ამოღებულია დიდი ოდენობით ბრენდული ვადაგასული პროდუქცია, კუსტარულად დამზადებული ბეჭედი და რეალიზაციიდან მიღებული ფული.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო ღონისძიებებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ვადაგასული პროდუქციის გამოვლენისა და ამოღების მიზნით.