რუსთავში IX-XII საუკუნეების სასახლის კვლევის მიზნით არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო

რუსთავში შუა საუკუნეების სასახლის კვლევის მიზნით ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო
რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, IX-XII საუკუნეების სასახლის კვლევის მიზნით, არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და ითვლება ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურად.

ექსპედიციის დაწყებასთან დაკავშირებით რუსთავში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი და დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, ისტორიკოსები, არქეოლოგები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტი საზოგადოებას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრებთან – ირაკლი შატაკიშვილთან და ალექსანდრე დალაქიშვილთან ერთად წარუდგინა. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა არქეოლოგიური კვლევის მნიშვნელობაზე როგორც ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის, ასევე ახალგაზრდა თაობის დაინტერესებისა და ჩართულობის თვალსაზრისით.
„იმ პროექტების პარალელურად, რასაც რუსთავში ვახორციელებთ, მნიშვნელოვანია, ჩვენი ქალაქის მდიდარი და უძველესი ისტორია კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს,“ – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ამ ეტაპზე მუშაობს რუსთავის ციხესა და აღმოჩენილი სასახლის კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტსა და კონცეფციაზე.
არქეოლოგიური გათხრები უკვე დაწყებულია და მათი დათვალიერება საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის ხელმისაწვდომია. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ციხის ტერიტორიაზე ყველაზე ძველი ნასახლარი შუაბრინჯაოს ხანით თარიღდება, ხოლო ისტორიულ წყაროებში რუსთავი ქალაქად მოიხსენიება ძვ. წ. IV საუკუნიდან, მცხეთასთან, ურბნისთან და უფლისციხესთან ერთად.
