ინდური გადამღები ჯგუფი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლებს ამზადებს


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან ჩამოსულ გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. ჯგუფის წევრები – ინფლუენსერები და ვიდეოგრაფები – საერთაშორისო მედია და ტურისტული პლატფორმებისთვის ამზადებენ ვიდეორგოლებს, რომლებიც ინდოეთის ბაზრისთვის გათვალისწინებული ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გავრცელდება.

ვიდეომასალა განთავსდება ისეთ პოპულარულ არხებზე, როგორებიცაა Instagram, YouTube, Thomas Cook, Tripoto, Thrillophilia და სხვა.

ინდოელ ვიზიტორებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს ინდოეთის ქალაქებში უკვე განხორციელდა მარკეტინგული აქტივობები, და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს კამპანიები როგორც ტრადიციულ, ასევე ციფრულ მედიაში.

ტურის ფარგლებში 7-კაციანი გადამღები ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურებს. ისინი გადაიღებენ თბილისს, მცხეთა-მთიანეთს, კახეთს, ქვემო ქართლს, იმერეთს, სამეგრელოს, სვანეთსა და აჭარას.

გადაღებები მოიცავს ისეთ ტურისტულ ლოკაციებს, როგორებიცაა: ნარიყალა, მთაწმინდა, გერგეტის სამება, დაშბაშის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, მესტია, უშგული, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და სხვ.

ვიდეორგოლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული კულტურის, ბუნების, ღვინის, სამზარეულოსა და სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტების წარმოჩენას.

ტურის მონაწილეების შეფასებით, საქართველო მათთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ინდოელი ინფლუენსერის, აბიჯიტ სინგის თქმით, მას ქართველი ხალხის თბილი მიღება და ქართული სამზარეულო განსაკუთრებულად დაამახსოვრდა.

„საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა, სადაც ერთმანეთთან შერწყმულია მთები, ზღვა, მინდვრები და კულტურა. ინდოეთში ვამბობთ: Atithi Devo Bhava(სტუმარი ღვთაებაა), – სტუმარი ღმერთია, თქვენ კი ამბობთ: სტუმარი ღვთისაა – ეს კულტურული სიახლოვე ორ ქვეყანას აერთიანებს,“ – აღნიშნა ტურის მონაწილე, აბჯიტ სინგმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading