ქალაქ მარნეულის წრიულის 1.2 კმ-იანი საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ქალაქ მარნეულის წრიულის 1.2 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნული გზა საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა–მარნეული–გუგუთის საავტომობილო მაგისტრალის ნაწილია და ქალაქის ცენტრალურ უბანში გადის. ის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს, რომელიც მარნეულის შიდა ქუჩებს აკავშირებს საერთაშორისო მარშრუტთან. გზით აქტიურად სარგებლობს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ტრანსპორტი, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ქალაქის გავლით მიმოსვლისთვის.

პროექტის ფარგლებში, მონაკვეთზე დაიგო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი, განახლდა საგზაო ნიშნები და განხორციელდა ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ მარნეულში წყალმომარაგების სისტემების მიმდინარე მშენებლობის დასრულებისთანავე, დაგეგმილია დაზიანებული გზების ეტაპობრივი რეაბილიტაცია.