საკალათბურთო კლუბმა „მუხბემ“ საქართველოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად დაასრულა
საკალათბურთო კლუბმა „მუხბემ“ საქართველოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წაუგებლად დაასრულა. გუნდმა 15 ჩატარებულ შეხვედრაში 15 გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფში პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა.
კლუბში აღნიშნავენ, რომ ეს შედეგი მოთამაშეების შრომის, ერთიანობისა და მებრძოლი სულის დამსახურებაა, ხოლო მიღწეულ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი გულშემატკივრების მუდმივ მხარდაჭერასაც მიუძღვის.
„15 თამაში, 15 გამარჯვება. ჯგუფში პირველი ადგილი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის შრომას, ერთიანობასა და მებრძოლ სულს. ვულოცავთ „მუხბეს“ ერთგულ გულშემატკივრებს და მადლობას ვუხდით მუდმივი მხარდაჭერისთვის,“ – აცხადებენ კლუბში.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გუნდი საქართველოს ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე – პლეი-ოფებში – ჩაერთვება, სადაც მთავარი მიზანი საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა.