მოტყუებით სახელმწიფოსთვის მრავალმილიონიანი ზარალი – საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით მოტყუებით ჩადენილი ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი დააკავა.
🔎 გამოძიების დეტალები:
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, კომპანიები დაარეგისტრირეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა სახელზე.
🔧 ამ კომპანიების გამოყენებით, მათ ერთმანეთთან გაატარეს 151 მილიონი ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქციებისა და ჯართის ყალბი ოპერაციები, რის შედეგადაც შეიქმნა დღგ-ს ყალბი აქტივი 20 336 923 ლარის ოდენობით.
📄 ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩათვლილ იქნა დღგ 563 353 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად იქნა გამოყენებული მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების გასანულებლად.
📌 ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები როგორც სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენის, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.
⚖️ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
- 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (მოტყუებით ქონებრივი დაზიანება ჯგუფურად, ორგანიზებულად), რაც ითვალისწინებს ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას;
- 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენება ჯგუფურად), რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.