მთავრობის ინიციატივით, სამეწარმეო ვენახის გაშენება ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე შეუძლებელი იქნება
მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საქართველოში ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენება სპეციალური თანხმობის მიღების გარეშე აღარ იქნება დაშვებული. შესაბამისი ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შედის და უკვე წარდგენილია პარლამენტში.
ინიციატივის მიხედვით:
⭐ ვენახის გაშენებასთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნა
კანონში შემოდის ტერმინი – „თანხმობა ვენახის გაშენებაზე“, რაც გულისხმობს, რომ
ღვინის ეროვნული სააგენტო ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მისცემს სამეწარმეო ვენახის გაშენების უფლებას და გადასცემს შესაბამის დოკუმენტს.
შესაბამისად, სამეწარმეო დანიშნულებით ვენახის გაშენება მხოლოდ სააგენტოს თანხმობით იქნება ნებადართული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 2026 წლის 1 მარტამდე გამოსცემს ბრძანებას, რომელიც განსაზღვრავს სამეწარმეო ვენახის გაშენების წესს.
⭐ დამატებითი რეგულაცია – ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა ყველა მწარმოებლისთვის
ცვლილებების მიხედვით, ღვინის ყველა მწარმოებელი, მათ შორის ისინი, ვინც წელიწადში 1500 ლიტრამდე ღვინოს აწარმოებს, ვალდებული იქნება:
- აწარმოოს ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა,
- შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს.
⭐ ცვლილება ადგილწარმოშობის ღვინის წარმოების წესებში
მოქმედი კანონით, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის/სპირტიანი სასმლის წარმოებისას დასაშვებია:
- 15%-მდე იმავე ჯიშის ან რეკომენდებული სხვა ჯიშის ყურძნის გამოყენება,
- რომელიც მოყვანილია იმავე მევენახეობის ზონის სხვა ქვეზონაში ან მიკროზონაში.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ეს ნორმა კანონიდან სრულად გამოდის, რაც გაამკაცრებს ადგილწარმოშობის ღვინის წარმოებისთვის გამოყენებული ყურძნის წარმომავლობის მოთხოვნებს.
ინიციატივის მიზანია ვენახების რეგისტრაციის გამჭვირვალობა, ღვინის წარმოების კონტროლის გაძლიერება და ხარისხის სტანდარტების ამაღლება.