მეუფე შიო: მშვიდობის მიღწევა სიყვარულითა და მიმტევებლობითაა შესაძლებელი

კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღნიშნა, რომ უფალი იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ მოციქულებს მშვიდობის გზავნილით გამოეცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების დასაძლევად აუცილებელია ურთიერთგაგება, სიყვარული და პატიების უნარი. მიტროპოლიტმა გააკრიტიკა ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება, განსაკუთრებით მედიისა და სოციალური ქსელების სივრცეში.

„ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, ამისთვის არის რამდენიმე მთავარი პირობა: 1. უნდა იყოს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის. 2. უნდა იყოს კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანთა შორის 3. მიმტევებლობა, პატიების უნარი. როგორ შეიძლება დამყარდეს ურთიერთგაგება, როდესაც არის ერთმანეთის ლანძღვა-გინება, დამცირება, შეურაცხყოფა, ცილისწამება? ეს ხომ შეუძლებელია? რასაც ჩვენ ვხედავთ ასე უხვად მასმედიიდან, სოციალურ ქსელებში, როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს; იციან ფაქტები, თუ არ იციან, მარტო აღქმებს თუ ჭორებს ეყრდნობიან. ეს მეტყველებს უკიდურესად დაბალ განვითარებაზე, ვგულისხმობ გონებრივ და სულიერ განვითარებას. ამიტომ, თუ გვსურს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, უნდა ვეცადოთ ეს მანკიერება გამოვასწოროთ. როდესაც ვინმეზე ვლაპარაკობთ, გვქონდეს მის მიმართ ლმობიერება, ვეცადოთ სიკეთე დავინახოთ ამ ადამიანში. რამდენი საუბარია იმაზე, თუ როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading