მარნეულში შემოვლითი გზის ინფრასტრუქტურულ პროექტზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ახალი გზა ერთმანეთთან დააკავშირებს ნარიმანოვისა და იაღლუჯის ქუჩებს. დაგეგმილია 3 კილომეტრი სიგრძის გზის მოწყობა და მდინარე ალგეთზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ახალი შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს და სატრანსპორტო მოძრაობას გააუმჯობესებს.
პროექტის საერთო ღირებულება 3 099 439 ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოების დასრულება 2027 წლის მაისში იგეგმება.
