კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტაციის საქმეზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული მარნეულში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორია. გამოძიებით დადგინდა, რომ მან, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ყალბი ინსპექტირების ანგარიში გასცა და სანაცვლოდ მოქალაქისგან 100 ლარის ოდენობით ქრთამი აიღო.
საქმეზე მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, რადგან დადგენილია, რომ ინსპექტირების ცენტრში სისტემატურად ხდებოდა მსგავსი ყალბი დასკვნების გაცემა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
