რუსთავში UEFA-ს IV კატეგორიის სტადიონის მშენებლობაა დაგეგმილი

რუსთავში 8 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს IV კატეგორიის შესაბამისი სტადიონის მშენებლობა იგეგმება — ამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა გაავრცელა.
უკვე გამოცხადდა ტენდერი სტადიონის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 2 044 125 ლარს შეადგენს.
ფონდის ცნობით, პროექტი მოიცავს არა მხოლოდ ძირითადი საფეხბურთო არენის, არამედ სათადარიგო მოედნის, გასახდელების, უსაფრთხოების სისტემების, განათების, პარკინგის, VIP და მედია ზონების მოწყობას.
ახალი სტადიონი რუსთავში არსებული სტადიონის ტერიტორიაზე აშენდება, რაც მის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის განახლებას ისახავს მიზნად.
პროექტი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება და გათვლილია როგორც ადგილობრივი საფეხბურთო კლუბების მხარდასაჭერად, ასევე საერთაშორისო მატჩებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობაზე.