ირაკლი კობახიძე – მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში და ყველამ ერთად შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ნათელი და ღირსეული მომავალი

ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებული ვალია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა, რაც იშვიათი პრაქტიკაა და ამის შესასრულებლად საქართველოს მთავრობა მრავალ პროექტს ახორციელებს.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე – ეს დღე ეძღვნება ასიათასობით ქართველს, რომლებსაც დღეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწევთ ცხოვრება და მოღვაწეობა. ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება საქართველოს ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის განსაკუთრებული ვალია. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დიასპორაზე ზრუნვა 2017 წელს ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებად გამოცხადდა, კონსტიტუციურ პრაქტიკაში ეს არის ერთ-ერთი იშვიათი, გამონაკლისი შემთხვევა, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. საქართველოს მთავრობა ახორციელებს მრავალ პროექტს, რომლებიც ამ კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებისკენ არის მიმართული. თუმცა ვაცნობიერებთ, რომ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე და სამშობლოსთან მათი მჭიდრო კავშირის შენარჩუნებაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ,”- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო გახდა დიასპორის სფეროში ყველაზე მაღალი პლატფორმის – გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის მმართველი საბჭოს თანათავმჯდომარე ქვეყანა ამ სფეროში ისეთ წამყვან ქვეყანასთან ერთად, როგორიც ირლანდიაა.

„საქართველო ასევე არის დუბლინის დეკლარაციის ხელმომწერი მხარე, რითაც იგი უერთდება გაეროსა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიან მიდგომას. დიასპორასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ჩვენმა პრაქტიკამ ფართო აღიარება მოიპოვა საერთაშორისო ფორუმებზე, ისეთ ფორუმებზე, როგორებიცაა გაეროს გენერალური ასამბლეა, დიასპორის გლობალური სამიტი და ა.შ. ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველა მაღალი დონის ფორუმი თუ სადისკუსიო პანელი საქართველოს დიასპორულ პოლიტიკასა და პროგრამებს საუკეთესო შეფასებას აძლევს, რომლითაც ასევე შეგვიძლია ვიამაყოთ.

ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ისედაც მცირერიცხოვანმა ერმა ჩვენს დიასპორას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ. სახელმწიფოს ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული ისეთი პროგრამების განხორციელებისკენ, რომლებიც დიასპორის წარმომადგენელთა ეროვნული და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და, განსაკუთრებით, განათლების საკითხებს ეძღვნება. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდობის საკითხებს, ახალგაზრდების მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას სამშობლოსთან, უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს, რომლებმაც საქართველოს წარმატებული მომავალი უნდა შექმნან.

საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მთელ მსოფლიოს აცნობენ საქართველოს უნიკალურობას და ჩვენს ტრადიციებს, კულტურას. შესაბამისად, მათი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდესია. მოხარული ვარ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი იაზრებს ამ მისიის მნიშვნელობას,”- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქართველოში დაბრუნებაა და იმედი გამოთქვა, რომ ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან ერთად სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რიცხვი წლიდან წლამდე გაიზრდება.

„ჩვენი უმთავრესი საზრუნავი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საქართველოში დაბრუნება უნდა იყოს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება, სადაც მას ღირსეული სამსახური და ცხოვრების სათანადო პირობები უნდა დავახვედროთ. მოხარული ვარ, რომ შარშან სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასულებისას მცირედით, მაგრამ გადააჭარბა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკის სწრაფ ზრდასთან ერთად სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რიცხვი წლიდან წლამდე მოიმატებს. ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული მისია და ამოცანაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ემიგრანტები არ კარგავენ ემოციურ კავშირს საქართველოსთან. სამშობლოს განცდა, მისი სიხარულისა და წარმატების გაზიარება ყველაზე კარგი ნიშანია, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თავდადებული ელჩები ჰყავს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ქართული დიასპორა უმნიშვნელოვანესი რგოლია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ქვეყნის კულტურისა და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოსაჩენად.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ქართულ სათვისტომოებს, მართლმადიდებლურ სამრევლოებსა და ქართულ ფოლკლორულ ანსამბლებს იმ საქმის ერთგულებისთვის, რომელიც ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის, ქართული ტრადიციების შენარჩუნებას ემსახურება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ჩვენი დიასპორის სამშობლოსთან კავშირის გაღრმავებაზე, შენარჩუნებაზე და მინდა, მადლობა გადავუხადო ეკლესიის წარმომადგენლებს, საზღვარგარეთ მოღვაწე ეპარქიებს, სასულიერო პირებს, რომლებიც სწორედ ამ ძვირფას საქმეს ემსახურებიან. ასევე მადლობა იმ წარმატებულ ქართველ პროფესიონალებს, რომლებმაც შეძლეს და პროფესიულ სიმაღლეებს მიაღწიეს, რითაც მნიშვნელოვან სამსახურს უწევენ როგორც ადგილსამყოფელ ქვეყნებს, ისე სამშობლოს.

დღეს, როცა რეგიონში და მსოფლიოში ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი ყალიბდება, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში, დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს და ყველამ ერთად შევქმნათ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა. ფორუმის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიასპორისა და საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფორუმზე საკვირაო სკოლების მასწავლებლებს პროფესიული განვითარების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. საგარეო საქმეთა, კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში – „ქართული კალიგრაფია” – გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading