ინტერპოლის მიერ ძებნილი სამი თურქეთის მოქალაქე საქართველოში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში და ბათუმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი თურქეთის მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული ნ.გ., 1989 წელს დაბადებული ო.ქ. და 1998 წელს დაბადებული ო.თ.
თურქეთის სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, ო.ქ. ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის, ნ.გ. – თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ხოლო ო.თ. – ნარკოტიკების გავრცელების, სხეულის დაზიანების, ცილისწამებისა და ქურდობის ბრალდებებით იძებნებოდნენ.
სამართალდამცველების განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იმ პერიოდამდე გადმოკვეთეს, სანამ მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ო.ქ. თბილისში, ხოლო ნ.გ. და ო.თ. ბათუმში დააკავეს.
ამ დროისთვის დაკავებულების მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.