თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი, 1970 წელს დაბადებული კ.ფ. და ბელორუსის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ს.რ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მითითებული რამდენიმე ლოკაციიდან დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260 კვარტა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.