ელისაშვილს ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალი წაუყენეს-სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას დღეს განსაზღვრავს
საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალი ოფიციალურად წარუდგინა (სსკ 19-323-ე მუხლი). ბრალდება 10–15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ სასამართლოს მიმართა პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ელისაშვილი შაბათს გამთენიისას დააკავეს, როცა პროკურატურის ინფორმაციით, იგი შენიღბული მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიასთან, იყო იარაღით, საბრძოლო მასალითა და ტერაქტისთვის საჭირო ნივთებით აღჭურვილი, უკანონოდ შეიჭრა შენობაში, შიდა სივრცეში დაასხა დიდი ოდენობით აალებადი ნივთიერება და ხანძრის გაჩენა სცადა.
მანდატურებმა მას წინააღმდეგობის მიუხედავად ადგილზე შეაჩერეს. დაშავდა როგორც ერთ-ერთი მანდატური, ისე თავად ელისაშვილი.
საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს.