ევროპის ჩემპიონი ირაკლი მახაშვილი ბოლნისის მერიისგან დაჯილდოვდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ბოლნისელი პარამკლავჭიდელები რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობენ.
მეტად სასიხარულოა, რომ დღეს ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მთავარი მწვრთნელი, ირაკლი მახაშვილი, ოქროს მედალს დაეუფლა და ევროპის ჩემპიონი გახდა. გულითადად ვულოცავ ჩვენს წარმატებულ სპორტსმენს გამარჯვებას, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც მისი სპორტული კარიერისთვის, ისე ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.
ასევე, წარმატებებს ვუსურვებ ბოლნისელ პარამკლავჭიდელს რატი რეხვიაშვილს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ხვალ იასპარეზებს. დარწმუნებული ვარ, იგი ღირსეულად წარმოაჩენს ბოლნისს და საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე.
თითოეული ბოლნისელისთვის საამაყოა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს ასეთი წარმატებული და სახელოვანი სპორტსმენები ჰყავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს სპორტისა და ადგილობრივი სპორტსმენების მხარდაჭერა და ხელშეწყობა წარმოადგენს, რისი დასტურიც მათი მუდმივი მხარდაჭერაა.
აქვე აღვნიშნავ, რომ მიღწეული წარმატებისთვის ევროპის ჩემპიონ ირაკლი მახაშვილს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემა.