დმანისში მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ჯ.ა. დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ჯ.ა.-ს და დ.დ.-ს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად დ.დ.-მ დაკარგა წონასწორობა, დაგორდა კიბეებზე და ბეტონის ფილაზე დაეცა. მიღებული დაზიანების შედეგად ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.
დმანისის პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად დ.დ.-ს ცხედარი სწორედ ბრალდებულის ეზოში აღმოაჩინეს.
ჯ.ა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.