დმანისში, კონკურსის, “ჩემი სოფლის კულტურული მემკვიდრეობა” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
“ა.ა.ი.პ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის” და დმანისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა საგანმანათლებლო კონკურსი “ჩემი სოფლის კულტურული მემკვიდრეობა”.
კონკურში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლისა და ქალაქ დმანისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა: სოფელ ამამლოს, ბოსლების, ჯავახის, დიდი დმანისის, გომარეთის, ასევე ქალაქ დმანისის მეორე და პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
მონაწილე გუნდებმა წარმოადგინეს ინფორმაცია მათ მიერ შერჩეულ ისტორიულ ძეგლებზე.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილის მფლობელი გახდა სოფელ გომარეთის სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საჯარო სკოლა, მეორე ადგილის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლა , ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე სოფელ ჯავახის საჯარო სკოლა გავიდა.
კონკურში მონაწილე ყველა გუნდს სიმბოლური საჩუქარი, დმანისის კულტურული მემკვიდრეობის ზოგად გეოგრაფიული რუკა გადაეცა.
კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის ამაღლებას და ადგილობრივი ისტორიული ობიექტების პოპულარიზაციას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ომიაძე, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მაკა ოკმელაშვილი, დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, ქეთევან ჩხეტიანი, კულტურის და ხელოვნების ისტორიულ ეთნოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუმბერ კოპალიანი, ასევე პედაგოგები და მონაწილე გუნდების წარმომადგენლები.




