გიორგობის დღესასწაული ისტორიულ ჰერეთში აღინიშნა

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის ტაძარში გაიმართა სადღესასწაულო წირვა, რომელსაც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითი მმართველი, მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) მეუფე პეტრე ხუმარაშვილთან და სამღვდელოებასთან ერთად ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებას ესწრებოდა ისტორიულ ჰერეთში მცხოვრები მრევლი, ასევე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე, გენერალური კონსული განჯაში კახაბერ აბდალაძე და დიპლომატიური სამსახურების წარმომადგენლები.


მიტროპოლიტმა თეოდორემ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა და დღესასწაული მიულოცა. წმინდა გიორგის ქურმუხის ტაძარში გაიმართა პარაკლისიც, სადაც განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეინიშნებოდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია კახის რაიონის ხელმძღვანელებსაც შეხვდა. მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ვიზიტის მხარდაჭერისთვის.
