გვჯერა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით  ბევრი რამის გაკეთება და რეგიონში არსებული პოტენციალის წარმატებით ათვისება შეგვიძლია – მაკა ბიჭორიშვილი

გვჯერა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით  ბევრი რამის გაკეთება და რეგიონში არსებული პოტენციალის წარმატებით ათვისება შეგვიძლია – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა Raisina Dialogue-ის ფარგლებში, პანელურ სესიაზე “ხედვა კავკასიიდან” განაცხადა. 

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს ჩართულობაზე რეგიონში მშვიდობის და დიალოგის უზრუნველსაყოფად. 

“საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ორ ქვეყანას (სომხეთსა და აზერბაიჯანს) შორის სამშვიდობო შეთანხმებას და ჩვენს რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების წყალობით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენს რეგიონში არსებული პოტენციალის ათვისება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარგი თანამშრომლობა გვექნება” – განაცხადა მინისტრმა. 

მან საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი კვლავ რჩება საქართველოს მთავარ გამოწვევად  და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად. 

“საქართველო სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაა, რომელსაც აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, საქართველოს ორი რეგიონი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც ინარჩუნებს იქ სამხედრო ყოფნას. საერთაშორისო სამართლისა და მისი პრინციპების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის. ასე რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი რჩება ძალიან მნიშვნელოვან პრინციპებად, რაც წარმოადგენს საერთაშორისო წესრიგის საფუძველს. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა საერთაშორისო ფორმატის  გამოყენებას, რათა ვისაუბროთ ამის შესახებ და გადავჭრათ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ამავე დროს, ჩვენ ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ კონფლიქტების მოგვარების გზა უნდა იყოს ცალსახად მშვიდობიანი”- განაცხადა მინისტრმა. 

მისი თქმით კონფლიქტის  მშვიდობიანი დარეგულირება არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და ევროპული უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან საქართველოს ევროპული უსაფრთხოების კონცეფციისგან გამოცალკევებულად ვერ განვიხილავთ. ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა რომ ეს თანამშრომლობა ათწლეულები ვითარდებოდა.

“ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა ნატოსთან და ევროკავშირთან.  საქართველოს წვლილი შეჰქონდა სამშვიდობო მისიებში,  რომლებიც ხორციელდებოდა მაგალითად ავღანეთში. იქ ჩვენ, როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო, ნომერ პირველი კონტრიბუტორი  ვიყავით. 2014 წლიდან კი ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები ვართ , გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება , რაც ნიშნავს ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობას . უნდა აღვნიშნო, რომ საქართველომ შეძლო მოწინავე გამხდარიყო ევროკავშირის სხვა პარტნიორებთან შედარებით , მივაღწიეთ ძალიან ბევრს რეფორმების კუთხით , რაც ჩვენთვისაც სასარგებლოა და გვეხმარება, რომ ვიყოთ მოწინავე პოზიციებზე , როდესაც სხვადასხვა რეიტინგულ სიებზეა საუბარი, მაგალითად კორუფციასთან ბრძოლის თუ ღია მმართველობის და ბიზნესის სფეროში; ეს ყოველივე უკავშირდება ძალიან სტრუქტურირებული რეფორმების დღის წესრიგს, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ვატარებთ” – განაცხადა მინისტრმა. 

მისი თქმით ევროკავშირი კვლავ რჩება საქართველოსთვის მნიშვნელოვან აქტიურად უსაფრთხოების თვალსაზრისით. 

“ევროკავშირი ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოში და ჩვენ ამას უსაფრთხოების გარანტიად აღვიქვამთ, რადგან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გვყავს ევროკავშირის მონიტორინგის მისია, ჩვენთვის მათი იქ ყოფნა კვლავ მნიშვნელოვანია” – განაცხადა მან. 

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და ამ კუთხით მთავრობის ძალისხმევაზე.  

“სწორედ ამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს მუხლი კონსტიტუციაში ჩაედო 2018 წელს. ეს კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ საჭიროა ვისწავლოთ ჩვენც და ევროკავშირმაც თუ როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს , რადგან ეს არ არის მარტივი დრო ევროკავშირისთვის, არც საქართველოსთვის” – განაცხადა მან. 

მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს სჭირდებათ სერიოზული დიალოგი იმაზე თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე შია დერეფნის განვითარების თვალსაზრისით და აღნიშნა რომ ამ კუთხით ქვეყნის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

“ჩვენ გვაქვს გარკვეული შესაძლებლობები ამის განსახორციელებლად, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი. სწორედ ამიტომ, დიდ ინვესტიციას ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ანაკლია ერთ-ერთი ასეთი პროექტია.   საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა ინვესტიციებისთვის და ჩვენ ღია ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის”- განაცხადა მან. 

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ინდოეთთან თანამშრომლობას. 

“ინდოეთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული მოთამაშეა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენს ქვეყნებს შორის არის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები, თუმცა რჩება მნიშვნელოვანი პოტენციალი ჩვენი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სხვადასხვა სფეროში.
თანამშრომლობის სფეროები მართლაც ფართოა.  ერთ-ერთი პრიორიტეტია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების დასრულება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე სარგებლობს 16 თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით სხვადასხვა პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან, ჩინეთთან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან. საქართველოს ეს უნიკალური პოზიცია მატებს ღირებულებას, სთავაზობს შესაძლებლობებს რეგიონულ და გლობალურ მოთამაშეებს ჩაერთონ ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ თანამშრომლობაში” – განაცხადა მინისტრმა. 

მინისტრმა გამოხატა მზაობა აქტიურად იმუშაოს  ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად. 

პანელური დისკუსიის მოდერაციას უწევდა შაში თარური-ინდოეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა საკითხებზე საპარლამენტო მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading