თენგიზ ცერცვაძის ცენტრში ჰეპატიტების პრევენციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში ჰეპატიტების პრევენციასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მიღწევების შეჯამების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგებსა და B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე.

მინისტრის განცხადებით, C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი თენგიზ ცერცვაძეს მიუძღვის, რომლის პროფესიონალიზმიც გადამწყვეტი იყო როგორც პროგრამის დაგეგმვის, ისე მისი ეფექტიანი შესრულების პროცესში.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ჰეპატიტების ელიმინაციის სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის – გადაცემის პრევენცია, ინფიცირებული პირების გამოვლენა, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა.

მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლიდან საქართველოში ამოქმედდა B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სრულად აფინანსებს სკრინინგულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს. ასევე, პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.

რაც შეეხება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამას, ის 2015 წელს დაიწყო და მასში დღემდე 91 300-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 87 000-მდე პაციენტმა, განკურნების მაჩვენებელი კი 98.5%-ს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში, როგორც დიაგნოსტიკა, ისე მკურნალობა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და პაციენტებისთვის თანაგადახდა არ მოითხოვება.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მარინე ეზუგბაია, ასევე მედიკოსები, პაციენტები და მოწვეული სტუმრები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading