გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „წიაღის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე იმსჯელა
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდება.
აღნიშნულს ითვალისწინებს „წიაღის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“კანონპროექტი, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძის განმარტებით, სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში 2018 წელს გადაეცა, რამაც პრაქტიკაში გარკვეული საკითხების დუბლირება გამოიწვია, როგორც ინსპექტირების კუთხით, ასევე, დამატებითი ბიუროკრატია იქმნება ორ სამინისტროს შორის ფუნქციონირებაში სალიცენზიო პირობების მომზადებისა და საფონდო მასალებზე მუშაობის ნაწილში.
„ამიტომ რელევანტურია, რომ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო, მმართველობაში ისევ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუბრუნდეს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე ტექნიკური ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ კანონში, „რეგულირების საფასურის შესახებ“ კანონში, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ კანონში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონში.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.