ბოლნისი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მოიცავს ისტორიული ქვემო ქართლის ადრინდელ ფეოდალური ხანის ორ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულს: ბოლნისის ხევს(ფოლადაურის აუზი) და ქვეშის ხევს( მაშავერის ქვემო დინება).

1930 წლამდე ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ბორჩალოს მაზრაში. 1930 წლიდან კი გამოეყო ცალკე რაიონად. 1943 წლამდე მას ეწოდებოდა ლუქსემბურგის რაიონი. 1963-66 წწ. იმდროინდელი ბოლნისის რაიონი აერთიანებდა მარნეულისა და დმანისის  ტერიტორიებს. 1966 წელს ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრები დადგინდა.

ქვემო ქართლის რეგიონი და მათ შორის ბოლნისიც დიდ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში, რაც დასტურდება მატერიალური და წერილობითი წყაროებით, კულტურის ძეგლებით. ამ ტერიტორიაზე აღრიცხულია 200-ზე მეტი ძეგლი. მათგან რამდენიმე, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, მსოფლიო საგანძურშია შეტანილი.

  •  გერმანული დასახლება ბოლნისში

ბოლნისის ისტორია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ რამდენიმე ათეული წელი გერმანელი კოლონისტები ცხოვრობდნენ.
ქვემო ქართლის მხარეში ისტორიული ბოლნისის ტერიტორიაზე გერმანული დასახლება სახელწოდებით კატერინენფელდი 1818 წლიდან შეიქმნა. რუსეთის იმპერიის ხელშეწყობით 1816-18 წლებში ვიურტემბერგის მხარის გერმანელები, იგივე ,,შვაბები” სამხრეთ საქართველოში გადასახლდნენ. დაახლოებით 500-მა ოჯახმა 1818 წელა თბილისთან ახლოს 8 კოლონია დაარსა, მათგან უდიდესი დასახლება იყო კატერინენფელდი, რომელშიც 95 ოჯახი ცხოვრობდა.

სახელწოდება ვიურტემბერგის დედოფალი ეკატერინეს საპატივცემულოდ შეირჩა, რომელიც რუსეთის მეფის ალექსანდრე I-ის და იყო. ქალაქის ტიპის დაბამ 1818 წლიდან მოყოლებული სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. 1818 წლიდან 1921 წლამდე-კატერინენფელდი, 1921 წლიდან 1943 წლამდე ლუქსემბურგი, ხოლო 1943 წლიდან ძველი სახელი აღუდგინეს და კვლავ ბოლნისი უწოდეს.

1941 წელს ოპერაცია ,,ბარბაროსას” პერიოდში სტალინმა ყველა კავკასიელი გერმანელი, რომელიც ადგილობრივზე არ იყო დაქორწინებული ყაზახეთში ან ციმბირში გადაასახლა. მას შემდეგ შვიდი ათეული წელი გავიდა, თუმცა გერმანელთა ნაკვალევი ქალაქში დღესაცაა შემორჩენილი.

დღეს ბოლნისის გერმანულ კვარტალში გოთური და ქართული არქიტექტურის ნაზავის მქონე უნიკალური სახლების დათვალიერებაა შესაძლებელი. 2016 წლიდან დღემდე 13 ძველ გერმანულ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსის მინიჭების პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება. ისტორიული ძეგლები დიდი სარდაფებით, აივნებითა და დახვეწილი არქიტექტურით გამოირჩევ

რელიგია

ბოლნისის ეპარქია არის ქართული ეკლესიის სამღვდელმთავრო აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს საქართველოს უძველეს ქალაქს – ბოლნისსა და მის მუნიციპალიტეტს.მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარნეულისა და ფუჯაბის, დასავლეთიდან – დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, ჩრდილოეთიდან – მანგლისისა და წალკის ეპარქიები, ხოლო სამხრეთის საზღვარი საქართველო-სომხეთის საზღვარს ემთხვევა.  უძველესი და უმდიდრესი წარსულის მქონე მხარეში ეკლესია IV საუკუნეში დაფუძნდა. „მოქცევაი ქართლისაის“ თანახმად, ბოლნისის ცნობილი ტაძარი IV საუკუნის ბოლო წლებში აუგია ელია მთავარეპისკოპოსს. ვახტანგ გორგასალმა ბოლნისის სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი დააარსა. პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად მიჩნეულია დავითი, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. როგორც ჩანს ბოლნისის დამოუკიდებელი და ძალზედ განვრცობილი ეპარქია V საუკუნში ჩამოყალიბდა.1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, ეპარქიაში ქრისტიანული ცხოვრების გამოცოცხლება მხოლოდ 70-80-იან წლებში დაიწყო. ძველი ბოლნისის ეპარქია, აგარაკ-წალკის საერთო სახელწოდებით არსებულ ქვემო ქართლის ეპარქიაში იყო გაერთიანებული. ბოლნისი ცალკე ეპარქიად გამოყოფა 1995 წელს წმიდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. იმ დროიდან მას ბოლნისისა და დმანისის ეპარქია ეწოდა. ეპარქიის მწყემსმთავრად მანამდე აგარაკ-წალკის მთავარეპისკოპოსი თადეოზი იქნა განწესებული. 2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე ბოლნისისა და დმანისის ეპარქია გაიყო და მის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო ჩამოყალიბდა – ბოლნისის ეპარქია და დმანისის ეპარქია.

  • მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მახასიათებლები

მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე ქვის მოპოვება-დამუშავების გაფართოება და ტურიზმის განვითარება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს სპილენძის კონცენტრატების მწარმოებელი კომპანია სს ,, RMG COPPER”. კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა, შესაბამისად სს ,, RMG COPPER” საქართველოს ლიდერ ექსპორტიორთა შორის ადგილს ღირსეულად ინარჩუნებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading