Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის „Picot“-ის კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და პროდუქცია თითქმის სრულად ამოღებულია.
იდენტიფიცირებული პარტიებია:
▪️ Picot 1 400G – 8000003312
▪️ Picot 1 800G – 8000003297
▪️ Picot 2 800G – 8000003280
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა აღნიშნული პარტიები გადაამოწმეს როგორც ქსელურ აფთიაქებში, ისე საბითუმო და საცალო სარეალიზაციო ობიექტებში. შემოწმებული ობიექტებიდან პროდუქცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სრულად ამოღებულია და განადგურებას ექვემდებარება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ აღნიშნული პარტიების პროდუქცია, თუ ის უკვე შეძენილი აქვთ.
პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო განხორციელდა. გამოთხოვას ექვემდებარება კომპანია „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS)–ის მიერ წარმოებული Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების კონკრეტული პარტიები.