სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამძიმარს უცხადებს ანტიკორუფციული სააგენტოს ინსპექტორის ოჯახს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
უწყების განცხადებით, სიმონ წაქაძის გარდაცვალება დიდი ტრაგედია და მძიმე დანაკლისია სამსახურისთვის. იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2015 წლიდან მუშაობდა და გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, საქმისადმი ერთგულებითა და ღირსეული დამოკიდებულებით.
სუს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ მომხდარ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული პირების მხრიდან ვრცელდება სპეკულაციური განცხადებები, რაც დამატებით ტკივილს აყენებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მანიპულაციური განცხადებებისგან და პატივი სცეს გარდაცვლილის ხსოვნას.