34 უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოდან გააძევეს — მიზეზი უკანონო მიგრაციაა
ბოლო დღეებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, სამინისტროს სხვა სტრუქტურებთან ერთად, აქტიური ღონისძიებები ჩაატარა, რის შედეგადაც საქართველოდან 34 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს.
გაძევებულთა შორის იყვნენ ინდოეთის, რუსეთის, ნიგერიის, ირანის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, პაკისტანის, კენიის, სომხეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები. მათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყნის ხელახალი მონახულების აკრძალვაც დაუწესდათ.
შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტი ახორციელებს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას და, ამავე დროს, აკონტროლებს, რომ საქართველოში მყოფი ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონის ფარგლებში იმყოფებოდეს.
ამ ღონისძიებების მიზანი, როგორც უწყებაში ამბობენ, არის ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართლებრივი წესრიგის დაცვა.