2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის პროცედურა იწყება – რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების მიღება 4 აგვისტოს 10:00 საათზე დაიწყება და 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
აპელაციის მსურველ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ელექტრონულად – ვებგვერდზე online.naec.ge – მიმართონ.
აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
საპროტესტო განაცხადის შესატანად წინასწარ იხდება 50-ლარიანი აპელაციის საფასური ერთ გამოცდაზე (თუ ქულა შეიცვლება – გაიზრდება ან შემცირდება – თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია შესაბამისი განცხადების საფუძველზე).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ატყობინებს, რომ აპელაციის პროცესთან დაკავშირებული დეტალური ინსტრუქცია 4 აგვისტოს გამოქვეყნდება.
ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის უფლება გამოცდების მონაწილეებს აქვთ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე.
📝 დაიმახსოვრეთ ვადები და არ გამოგრჩეთ თუ თქვენი შედეგის გადახედვა გსურთ.
