შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა – სტიქიამ 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

2023 წლის 3 აგვისტოს, 16:00 საათზე, რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. სტიქიური უბედურება უმძიმესი შედეგით დასრულდა – დაიღუპა 32 ადამიანი.
დამანგრეველი ღვარცოფი მოულოდნელად წარიმართა და მნიშვნელოვნად დააზიანა დასასვენებელი ინფრასტრუქტურა, ტურისტული ზონა და სამანქანო გზები. სამძებრო-სამაშველო ოპერაციები რთულ რელიეფსა და სტიქიურად შეცვლილ რისკიან გარემოში ხორციელდებოდა.


ტრაგედიის შედეგად, 29 აგვისტოს, სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულებისას დაიღუპა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც თავდაცვის ძალების მიერ გამოყოფილ ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა სამძებრო ოპერაციებში.
შოვის ტრაგედია ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სტიქიურ უბედურებად დარჩება საქართველოს უახლეს ისტორიაში – ეს იყო მოვლენა, რომელმაც როგორც ადგილობრივ, ისე სახელმწიფო დონეზე გამოიწვია მოწოდება გლობალური კლიმატური ცვლილებების, უსაფრთხოებრივი ზომებისა და მაღალმთიან რეგიონებში რისკების შეფასების საჭიროების შესახებ.

