დღეს, 17 ივლისს, 17:00 საათზე 2025 წლის გამოცდები ოფიციალურად დასრულდება. როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის მე-3 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აღნიშნა, საგამოცდო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარიმართა ყველა საჭირო სტანდარტისა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.
მინისტრმა გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული უწყებების კოორდინაცია და პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობა დადებითად შეაფასა და მონაწილე უწყებებს მადლობა გადაუხადა:
„მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით იყო შესაძლებელი ისეთი მაღალი სტანდარტის, სანდოობისა და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა, როგორსაც ეს პროცესი ითხოვდა. ათასობით თანამშრომლის ჩართულობითა და პასუხისმგებლობით, გამოცდები მაქსიმალურად სტაბილურად და ყოველგვარი ხარვეზების გარეშე წარიმართა,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია ნაშრომების გასწორების პროცესი, ხოლო პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე აგვისტოს დასაწყისში ეტაპობრივად აიტვირთება.
გამოცდების სტატისტიკა:
გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 94%;
დაფიქსირდა 60-მდე დაგვიანების ფაქტი;
წესების დარღვევის გამო გამოცდიდან მოიხსნა 9 გამოსაცდელი;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოცხადდა 69%-მდე მონაწილე;
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე – 80%;
მასწავლებლობის მაძიებელთა გამოცხადება – დაახლოებით 83%-ზე მეტი.
22 ივლისს გორის საგამოცდო ცენტრში უცხოური ენების საუბრის ნაწილის გამოცდა ჩატარდება მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის.
2025 წლის გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობდა: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, რუსთავში, თელავში, ახალციხეში, ოზურგეთში, გორში, ხულოსა და ამბროლაურში.