2025 წელს რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ გაიზარდა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის შედეგად, 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს რეგისტრირებული დანაშაულის 70 პროცენტი გაიხსნა.
ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა აღნიშნული დანაშაულების გამოვლენის მაჩვენებელი. ამასთან, შემცირდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, ასევე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, მათ შორის ბინიდან ქურდობა, ყაჩაღობა, გამოძალვა და თაღლითობა.
2025 წელს ქვეყანაში სულ დარეგისტრირდა 54 134 დანაშაული, რაც წინა წელთან შედარებით 4 158 ფაქტით (+8.32%) მეტია. რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა ძირითადად ნარკოდანაშაულების გამოვლენის თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელს უკავშირდება – გასულ წელს ნარკოტიკული დანაშაულის 10 475 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2024 წელთან შედარებით 87.12 პროცენტით არის გაზრდილი.
ნარკოდანაშაულის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 7 119 პირის მიმართ, მათ შორის 2 265 პირი ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული, ხოლო 471 პირს ბრალი ნარკოტიკების გასაღების მუხლით წარედგინა.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად, გაიზარდა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულების გამოვლენა – აღნიშნული ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 228 პირის მიმართ, მათ შორის 15 პირის მიმართ „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით.
2024 წელთან შედარებით შემცირდა განზრახ მკვლელობების რაოდენობა (-11 ფაქტი) და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები (-517 ფაქტი). კლება ფიქსირდება კიბერდანაშაულის (-141), სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების (-134) და ტრეფიკინგის შემთხვევებშიც.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წელს ქვეყნიდან გაძევებული იქნა უცხო ქვეყნის 1 311 მოქალაქე, რაც წინა წელთან შედარებით 261 პროცენტით მეტია. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი აღემატება 2019–2024 წლებში გაძევებულ უცხოელთა ჯამურ რაოდენობას.
ამავე პერიოდში გაიზარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაც – 2025 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 004 678 შეადგინა. აღნიშნული ტენდენციის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს.
დღეის მდგომარეობით, შსს-ის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაში ჩართულია 8 886 ვიდეოკამერა, ხოლო საშუალო სიჩქარის კონტროლის სექციების რაოდენობა 658-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით 2 327 კილომეტრ საავტომობილო გზაზე სიჩქარის კონტროლი ხორციელდება.