2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა

დღეს, 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 17 წელი გავიდა — ომიდან, რომელმაც ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული გვერდი ჩაწერა.

ხუთდღიანი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 400-ზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 2000 დაშავდა, ხოლო იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობამ 130 000-ს მიაღწია. ათასობით ოჯახი მამის, შვილის, ძმის ან მეგობრის გარეშე დარჩა და დღესაც დევნილობაში ცხოვრობს.

ომის ყველაზე მძიმე დღეებში, 2008 წლის აგვისტოში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა 50-ზე მეტი ქართული სოფელი მთლიანად გაანადგურეს. ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. დაბომბვებმა და შეტევებმა არა მხოლოდ ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია, არამედ დიდი ეკონომიკური ზარალიც მიაყენა ქვეყანას.

დღემდე, 17 წლის შემდეგ, რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მავთულხლართები და ბარიერები საქართველოზე ჰყოფს, რის გამოც ათასობით მოქალაქე საკუთარ სახლებამდე, მიწამდე და საფლავებამდე მისვლას ვერ ახერხებს.

2008 წლის აგვისტოს ომი მხოლოდ წარსულის ტრაგედია არ არის — ეს არის მიმდინარე პროცესიც, რომელიც ყოველდღიურად ახსენებს საქართველოს, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა და რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ბრძოლა კვლავ გრძელდება.

ეს თარიღი მხოლოდ ხსოვნის დღე კი არა, ასევე გაფრთხილებაა იმის შესახებ, თუ რა მძიმე ფასს იხდის ქვეყანა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading