130 წელი შესრულდა ქართველი სიმბოლისტი პოეტის, „ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული ჯგუფისა და ამავე სახელწოდების ჟურნალის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ტიციან ტაბიძის დაბადებიდან

დაიბადა 1895 წლის 2 აპრილს, სოფელ ჭყვიშში. გალაკტიონის ღვიძლი ბიძაშვილი მასთან ერთად სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. შემდეგ კლასიკური გიმნაზიაც დაამთავრა და მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტიც. 1917 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ერთხანს, გაზეთ „საქართველოში“ იმუშავა. ამავე წლიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. გამორჩეულმა „ცისფერყანწელმა“ უარი თქვა პაოლო იაშვილის საჯარო გაკიცხვაში მონაწილეობაზე. 1937 წელს „ანტისაბჭოთა საქმიანობის“ ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ბიოგრაფია სულ ეს არის. სამაგიეროდ, შემოქმედებაა მდიდარი და მრავალმხრივი – პოეზიით, პროზით, ლიტერატურული და პუბლიცისტური სტატიებით, თარგმანებით…

„ტიციან ტაბიძის ლექსის კითხვისას ისეთი გრძნობა გებადება, თითქოს უშუალოდ ეხები ადამიანის ჭრილობებს.“- წერდა გურამ ასათიანი.

ამიტომაც სამუდამოდ გვამახსოვრდება მისი სტრიქონები: „სჯობს, აღარ გქონდეს სულაც სამშობლო, ანდა არ იყოს ასე ლამაზი“; „მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს“…

დიდი პოეტები იმითაც არიან გამორჩეულნი, რომ საკუთარ ბედისწერასაც თითქმის უცდომელად გრძნობენ და წინასწარმეტყველებენ.

ტიციანმაც ასე ივარაუდა: „შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები“…

თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, კი არ დახვრიტეს, ვაგონიდან ციმბირის ტრამალებში ჩამოსვეს და თოვლსა და ყინვაში მიატოვეს.

სასიკვდილოდ გაწირეს, მაგრამ სულში ვერც სიონის ზარი ჩაუქრეს და ვერც ალავერდის წმინდა სანთელი. ანუ სიკვდილს მაინც გადაურჩა: ვიდრე „შავი არაგვი თეთრს არაგვს ერთვის“, ტიციან ტაბიძის პოეზიაც იცოცხლებს.

საქართველოს კულტურის სამინისტრო უდიდეს პატივს მიაგებს ტიციან ტაბიძის ხსოვნას, მის უკვდავ შემოქმედებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading