13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა
წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა.
სტიქიამ 2015 წელს გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიები. სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.
უამრავი ადამიანი დაზარალდა, მთლიანად განადგურდა და დაზიანდა სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლების საცხოვრებელი სახლები, რაც ყველაზე მძიმეა, საშინელმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საუბედუროდ ორი ახალგაზრდა – ბექა ბუთურიშვილი და სერგი კაპანაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და მათ ოჯახებს შვილების საფლავებიც კი არ აქვთ. სტიქიიდან 3 თვის შემდეგ იპოვეს მაშველებმა კიდევ ერთი დაკარგული, ელიზბარ ბაღაშვილი
სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.
სტიქიამ 160 ოჯახი დააზარალა, 10 ოჯახი კი საერთოდ უსახლკაროდ დარჩა.
მოხალისეთა ნაწილი სტიქიის ზონაში ფიზიკურად შრომობდა, მეორე ნაწილი კი მათ საკვებითა და წყლით ამარაგებდა. მათ რიგებს შეუერთდნენ სასულიერო პირები, პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, სპორტსმენები, სტუდენტები და ხელოვანები.
დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად რეგიონებიდან იგზავნებოდა ტანსაცმელი, საკვები და პირველადი დახმარების ნივთები.

სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. დაიტბორა მზიურის ტერიტორია.
ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.
თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და ბეჰემოტი აღმოჩნდა.
ქალაქში გასული ცხოველებიდან ერთი ვეფხვი, “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე, დახურულ საწყობში იყო დამალული. სტიქიიდან მე-4 დღეს, ვეფხვი თავს დაესხა მოქალაქეს, რომელიც ლაგუნა ვერეს სარდაფში შევიდა. ცხოველი 2 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ მოკლეს.



მსოფლიო მედიის ყველა წამყვანი საშუალება თბილისზე საუბრობს. 13 ივნისის ტრაგედია ყველა კონტინენტს მოედო და იქცა მსოფლიოს მედია საშუალებების მთავარ თემად. CNN, BBC, New York Times, Reuters, Aljazeera, DW, France Press, Sky News და ა.შ. თბილისზე საუბრობენ. ამ დროს გაიცნო მსოფლიომ თბილისის ზოოპარკის ბინადარი ბეგი, რომელიც თბილისის ტრაგედიის დროს, დასავლური მედიის ცენტრალურ ფიგურად იქცა.






