11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარმატებული ქალი მეცნიერები დააჯილდოვა
.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცა და მეცნიერების განვითარებაში ქალთა მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჯილდო წარმოადგენს მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულებას ქალი მეცნიერთა შრომის მიმართ, რომელიც ქვეყნის პროგრესსა და უკეთეს მომავალს ემსახურება. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო აგრძელებს ქალთა მხარდაჭერისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას და დასძინა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსებში დაახლოებით 2 700 ქალი მეცნიერის პროექტი დაფინანსდა.
მინისტრთან ერთად ჯილდოები მეცნიერებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა გადასცა.
მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ: ნინო კობაური, მარეხ მაზანაშვილი, თინათინ ტყემალაძე, მარიკა თედორაძე, ია მოსაშვილი, ელზა ჯინჭარაძე, ნინო წულაია, ნინო ბერიძე და ნათელა ბაღათრიშვილი.
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი.
დაჯილდოების ცერემონია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა.
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის საფუძველზე 2015 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს მეცნიერებაში ქალთა ჩართულობისა და მათი როლის გაძლიერებას.