სურსათის ეროვნული სააგენტომ 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის საწარმო გამოვლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რეგიონში ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის არალეგალური წარმოება გამოავლინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ინდმეწარმეები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ. გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. აღიარებისა და რეგისტრაციის მინიჭებამდე საწარმოო პროცესი შესაბამის ობიექტებს შეუჩერდათ, ერთ-ერთ შემთხვევაში კი ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები და დაილუქა ქათმის ტანხორცი.
არალეგალური საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კარალეთი, დიდი გარეჯვარი და პატარა გარეჯვარი. მათ შორის, საქმიანობა სავალდებულო აღიარებისა და რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდნენ როგორც ინდმეწარმეები, ისე ერთი შპს.
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება და ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, დროულად მოითხოვონ სავალდებულო აღიარება, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასა და/ან გადამუშავებასთან, ასევე განაახლონ რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.