ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელის გამკაცრებას შეეხება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განმარტებით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა და გადაგზავნას.
ამასთანავე, მკაცრდება დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება 260³ მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გაყიდვას.
ასევე, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება 260² მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებას ან/და გასაღებაში ხელშეწყობას.
ამასთანავე, მკაცრდება დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს“ აგრეთვე ემატება 261¹ მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა ან გადაგზავნას.
„უმკაცრესი ბრძოლა უნდა იყოს გამოცხადებული ნარკოტიკების გამყიდველების, გამსაღებლების წინააღმდეგ. ამასთანავე, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობის ფორმებთან, მათ შორის, იძულებით მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მომხსენებელმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.