ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში – „დინამო არენაზე“ მსოფლიო ვარსკვლავი პირველად წარდგება ქართულ სცენაზე
23 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. ღონისძიება პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში ტარდება და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო მუსიკალურ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელიც თბილისს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქცევს.

ჯასტინ ტიმბერლეიკი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მუსიკოსია. მისი კარიერა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო, ბიჭების პოპ-ჯგუფ NSYNC-თან ერთად, თუმცა სოლო არტისტად გადაქცევის შემდეგ მან გაცილებით დიდი წარმატება მოიპოვა.
ტიმბერლეიკს მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის 10 გრემის და 4 ემის პრიზი. მისი ყველაზე ცნობილი ჰიტებია Cry Me a River, SexyBack, Mirrors, Can’t Stop the Feeling! და სხვ. კარიერის განმავლობაში მას გაყიდული აქვს 54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონზე მეტი სინგლი. ტიმბერლეიკი ცნობილია არა მხოლოდ როგორც მომღერალი, არამედ როგორც მსახიობი, პროდიუსერი და ცეკვის უნარებით გამორჩეული შოუმენი.

თბილისური კონცერტი ჯასტინ ტიმბერლეიკის მსოფლიო ტურნეს ნაწილია, რომელიც არტისტის ახალ ალბომს – Everything I Thought It Was უკავშირდება. მსოფლიო ტურნე 2024 წლის დასაწყისში დაიწყო და მასში ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის მრავალ ქალაქში დაგეგმილი კონცერტებია გაერთიანებული.

კონცერტთან დაკავშირებით, დღეს, 24 ივლისს, „დინამო არენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. მგზავრთა უკეთესი მომსახურებისთვის, თბილისის მეტროპოლიტენი და მუნიციპალური ავტობუსები ღამის 02:00 საათამდე გააგრძელებენ მუშაობას.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოებას – ტერიტორია აღჭურვილია ვიდეოკონტროლისა და დაცვის თანამედროვე სისტემებით. აუდიტორიას არ შეეძლება თან იქონიოს დიდი ჩანთები, საკვები, სასმელი, პროფესიონალური კამერები, ლითონის საგნები ან პიროტექნიკა.