აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა მაღალი დონის სესია თემაზე – „ტრანსკასპიური კავშირი: სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების განვითარების შესაძლებლობები“
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
მონაწილეებმა ისაუბრეს კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიას შორის, სატრანსპორტო მდგრადობის გაძლიერებაზე, ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მონაწილე ქვეყნებს შორის ეფექტიანობის გაზრდისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.
თავის გამოსვლაში ეკატერინე გუნცაძემ ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის მიმართულებით, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე ინვესტიციებზე, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო და ინტერნეტ კაბელის მშენებლობის მნიშვნელობაზე, როგორც ევროპის, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.
სესია გახსნა აზიის განვითარების ბანკის სამხრეთ, ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონზე პასუხისმგებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, იინგმინგ იანგმა. ასევე, ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, იუჯინ ჟუკოვმა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრმა, ყაზახეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ასევე ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

