ხობში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა – ერთი პირი დაკავებულია
ხობში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი დაიჭრა. „ფორმულას“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულია გიორგი ქორთუა, მეორე კი ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ჭკადუა. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ამ დროისთვის არ გაუვრცელებია, თუმცა ცნობილია, რომ საქმეზე ერთი პირი დაკავებულია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემთხვევა წარსულ დაპირისპირებას უკავშირდება.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, იარაღი გიორგი ქორთუას ეკუთვნოდა და რეგისტრირებული იყო. მისი თქმით, დაპირისპირების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, რა დროსაც ჭკადუამ იარაღი ჩამოართვა და გასროლა თავდაცვის მიზნით განახორციელა. ადვოკატი ასევე ამტკიცებს, რომ არსებობს სატელეფონო ჩანაწერები, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ემუქრებიან, თუმცა აღნიშნული მასალები, მისი თქმით, გამოძიების მიერ ამოღებულია.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.