,,წელს გაიმართა საქართველოს მთავრობის პირველი სხდომა. დარწმუნებული ვარ, ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის”-ირაკლი კობახიძე

წელს გაიმართა საქართველოს მთავრობის პირველი სხდომა. დარწმუნებული ვარ, ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის.

როგორც მთავრობის სხდომაზე განვაცხადე, ჩვენ გვაქვს 4-წლიანი პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდეს.

ასევე, გამოვეხმაურე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და აღვნიშნე, რომ ეს ამერიკისთვის ერთგვარი გარდამტეხი მომენტია. დონალდ ტრამპს აქვს გაცხადებული „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა, რომლის წარმატებით შესრულებას საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შიდა პოლიტიკური კუთხითაც. როგორც აღვნიშნე, გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში. რადიკალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ეს უპირობოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა დასახულ ეროვნულ მიზანს.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს მადლობა გადავუხადე 613 პატიმრის შეწყალებისთვის. აღვნიშნე იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის და სამთავრობო უწყებების წვლილიც და განვაცხადე, რომ გასულ წლებში მსგავსი თანამშრომლობის საშუალების შემთხვევაში, ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ბევრად ადრე იქნებოდა შესაძლებელი.

მთავრობის სხდომაზე, დაანონსებულ მასშტაბურ პროექტებსა და მათი შეუფერხებლად განხორციელების მნიშვნელობაზეც ვისაუბრე. ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს აეროპორტის პროექტის განხორციელება და ახალი სტადიონის მშენებლობა, რათა საქართველომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა შეძლოს.

გარდა ამისა, ჩემი ხელმძღვანელობით, საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე სამთავრობო კომისია შეიქმნება, რომელიც ქვეყანაში უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივ გარდაქმნაზე იმუშავებს.

როგორც მთავრობის სხდომაზე განვაცხადე, თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ 4 წელიწადში ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს განათლებას ევროპულ ქვეყნებში. ამისათვის უნდა დაისახოს კონკრეტულად გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია. არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდება იმისთვის, რომ 4 წლის თავზე სრულად მივაღწიოთ დასახულ მიზანს.

საუბარი შეეხო გასული წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც და აღვნიშნე, რომ ხელისუფლება ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას მაქსიმალური ინტენსივობით განაგრძობს. 2024 წელი რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა ტურიზმის სფეროშიც და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4.4 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

შარშანდელი წელი იყო მთლიანობაში წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვასრულებთ 2024 წელს. ჩვენმა ეკონომიკამ 2024 წელს გადააჭარბა 90 მლრდ ლარს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მხოლოდ 28 მილიარდის ეკონომიკა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით და ჩვენ უკვე შევძელით ეკონომიკის გაზრდა 90 მილიარდ ლარამდე. მიმდინარე წელს 100-მილიარდიან მაჩვენებელს უნდა გადავაჭარბოთ, რაც თავისუფლად შესაძლებელია. ამისთვის უნდა გაგრძელდეს კონკრეტული პროექტები და უნდა განვაგრძოთ წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება. იანვარშიც გვაქვს მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს 2025 წლისთვის.

მნიშვნელოვანია, მთავრობის პოლიტიკის შედეგად მიღებული სარგებლით თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს.

ხაზი გავუსვი იმას, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც კი, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და იმ სარგებლით, იმ სიკეთეებით, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი პოლიტიკის შედეგად, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ამ სულისკვეთებით უნდა განვაგრძოთ მუშაობა როგორც 2025 წელს, ასევე შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც.”-წერს სოციალურ ქსელში პრემიერ – მინისტრი ირაკლი კობახიძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading