ძველი თბილისის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ორი პირი – 1992 წელს დაბადებული მ.შ. და 1988 წელს დაბადებული თ.თ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე.
სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დანაშაულში მონაწილე ორი პირის ვინაობა დაადგინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით ისინი დააკავეს.
დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის კვალიფიცირებული, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.