შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ნარკოტიკების ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული ტ.ღ. დააკავეს.
დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა ტ.ღ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „ბუპრენორფინი“ და „ალფა-პვპ“, რომლებიც მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილში ინახებოდა.
სამართალდამცველებმა ავტომობილის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.